100 კითხვა ფსიქიატრს – პასუხები სტიგმის გარეშე

რა განსხვავებაა ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს შორის?

ფსიქიატრი არის ექიმი, სამედიცინო განათლებით, სვამს დიაგნოზს და საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს მედიკამენტურ მკურნალობას. ფსიქოლოგი მუშაობს მხოლოდ ფსიქოთერაპიული მეთოდებით და არ ნიშნავს წამლებს.

იწვევს თუ არა ანტიდეპრესანტები დამოკიდებულებას?

თანამედროვე ანტიდეპრესანტები არ იწვევს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას. მათი მოხსნა ხდება ეტაპობრივად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მოხსნის ასეთი სქემის აუცილებლობა მათი მოქმედების სპეციფიკით არის განპირობებული და არა დამოკიდებულების ჩამოყალიბებით.

ფსიქიკური აშლილობა გენეტიკურია?

გენეტიკა მედიცინაში მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა ის არ არის განაჩენი. გენეტიკურმა განწყობამ არ უნდა შეგვაშინოს, პირიქით უნდა გავითვალისწინოთ მკურნალობის პროცესში და სწორად გამოვიყენოთ მკურნალობის დაგეგმვის პროცესში. ეს არის მხოლოდ წინასწარგანწყობა, რომლის ნაწილობრივი მართვაც შესაძლებელია.

ფსიქიკური აშლილობა სირცხვილია?

არა. ეს არის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესების ერთობლიობა, ისევე როგორც დიაბეტი ან ჰიპერტენზია. სტიგმის მოხსნა წარმატებული მკურნალობის პირველი ნაბიჯია.

შესაძლებელია თუ არა ფსიქიკური პრობლემის სრული განკურნება?

ტერმინები „მკურნალობა“ და „განკურნება“ ხშირად აირია. ბევრი მდგომარეობა სრულად იკურნება, ხოლო ქრონიკული პროცესების დროს თანამედროვე მართვა საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მდგრად რემიზიას. ეს ნიშნავს, რომ პაციენტი უბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას ყოველგვარი სიმპტომის გარეშე.

არის თუ არა კონფიდენციალურობა დაცული?

დიახ, პაციენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგენს სამედიცინო საიდუმლოებას. ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ უკიდურეს შემთხვევებში ან თავად პაციენტის წერილობითი თანხმობით.

შემიძლია თუ არა ალკოჰოლის მიღება მკურნალობის დროს?

მკურნალობის პროცესში ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან მან შეიძლება გააძლიეროს გვერდითი მოვლენები ან შეამციროს მედიკამენტის ეფექტურობა.

მოვიმატებ თუ არა წონაში წამლების მიღებისას?

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა იმოქმედოს მადაზე, თუმცა თანამედროვე მედიცინაში არსებობს მრავალი ალტერნატივა, რომლებიც მეტაბოლიზმზე გავლენას არ ახდენს. ექიმი ყოველთვის ინდივიდუალურად არჩევს წამალს.

სამუდამოდ მომიწევს წამლების სმა?

არა. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია. ბევრ შემთხვევაში, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მედიკამენტების მიღება ეტაპობრივად წყდება. მიღების ვადა უაღრესად იდივიდუალურია და დამოკიდებულია დიაგნოზზე, მიმდინარეობის ფორმაზე, სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე და სხვა შიდა და გარე ფაქტორებზე.

როგორ მოქმედებს ძილი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

ძილი არის ტვინის „რესტარტი“. მისი ქრონიკული ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია შფოთვის, დეპრესიისა და გაღიზიანებადობის მატებასთან.

რა არის „ტვინის ნისლი“ (Brain Fog)?

ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს უჭირს აზროვნება, კონცენტრაცია და ინფორმაციის აღქმა. ის ხშირად სტრესის, უძილობის ან დეპრესიის თანმხლებია.

როგორ დავეხმარო ოჯახის წევრს, რომელსაც არ უნდა მკურნალობა?

მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და არა დაძალება. ესაუბრეთ ემპათიით, აუხსენით, რომ ფსიქიკური პრობლემა ისეთივე მკურნალობადია, როგორც ფიზიკური.

მოქმედებს თუ არა კვება ფსიქიკაზე?

დიახ, ნაწლავის მიკრობიომი მჭიდრო კავშირშია ტვინთან (Brain-Gut Axis). დაბალანსებული კვება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ემოციურ სტაბილურობას.

რა მედიკამენტებით ხდება თქვენს ცენტრში მკურნალობა?

ჩვენს ცენტრში მკურანლობა ხდება უმაღლესი საერთაშორისო დადგენილი სტანდარტებით. მინიმალურად და პრაქტიკულად არ გამოიყენება ისეთი მედიკამენტები მაგ ე.წ ბენზოდიზეპინები “ფსიქოტროპული” რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას.

რა არის ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია მუშაობს ფსიქოლოგიურ და ქცევით დონეზე. მისი სამიზნეა აზროვნების პატერნები, ემოციური რეაქციები და ქცევითი ჩვევები. თერაპია პაციენტს აძლევს ინსტრუმენტებს, რათა მან თავად შეძლოს სტრესთან გამკლავება და მომავალში რეციდივის პრევენცია.

ფსიქოთერაპია თუ მედიკამენტური მკურნალობა?

წამალი მკურნალობს ორგანოს (ტვინს), ხოლო ფსიქოთერაპია მკურნალობს პიროვნებას. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ სიმპტომი მოვხსნათ, არამედ პაციენტს ცხოვრების ხარისხი დავუბრუნოთ.“

დიაგნოზი იარლიყია, რომელიც მთელი ცხოვრება დამრჩება?

არა. დიაგნოზი მედიცინაში არის არა „იარლიყი“, არამედ სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც ექიმს ეხმარება მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევაში. ბევრი ფსიქიკური მდგომარეობა ტრანზიტორულია (დროებითი) და ადეკვატური მკურნალობის შემდეგ დიაგნოზი კარგავს აქტუალობას. ის არ განსაზღვრავს თქვენს პიროვნებას.

ემართებათ თუ არა დეპრესია „ძლიერ“ ადამიანებს?

დეპრესია არ არის ნებისყოფის სისუსტე ან ხასიათის დეფექტი; ეს არის ბიოლოგიური პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ნეირომედიატორების დისბალანსთან. ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერს, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, წარმატებისა თუ პიროვნული „სიმტკიცისა“.

რატომ არის საჭირო ზუსტი დიაგნოზი?

ზუსტი დიაგნოზი მკურნალობის ეფექტურობის ფუნდამენტია. მაგალითად, დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობის დეპრესიული ფაზის მკურნალობა რადიკალურად განსხვავდება. არასწორმა დიაგნოზმა შეიძლება გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და დროის დაკარგვა.

ყურადღების დეფიციტი ყოველთვის ADHD-ს ნიშნავს?

არა აუცილებლად. ყურადღების კონცენტრაციის სირთულე შეიძლება ახლდეს დეპრესიას, შფოთვას, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს ან უძილობას. ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი) სპეციფიკური ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა, რომელსაც კომპლექსური დიაგნოსტიკა სჭირდება.

რა არის დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია?

დეპერსონალიზაცია არის საკუთარი თავისგან გაუცხოების შეგრძნება (თითქოს გვერდიდან უყურებთ საკუთარ თავს), ხოლო დერეალიზაცია არის გარემოს აღქმის შეცვლა (თითქოს სამყარო არარეალურია ან „ნისლშია“). ეს ხშირად ძლიერი შფოთვის ან სტრესის თავდაცვითი მექანიზმია.

რა არის ჰიპოქონდრია?

ჰიპოქონდრია (ჯანმრთელობაზე შფოთვა) არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს გადამეტებული შიში იმისა, რომ სჭირს რაიმე მძიმე, დაუდგენელი დაავადება. ამ დროს პაციენტი ხშირად მიმართავს სხვადასხვა პროფილის ექიმებს და იტარებს მრავალჯერად კვლევას, მიუხედავად ნორმალური პასუხებისა.

ობსესია (აკვიატება) ყოველთვის დაავადებაა?

აკვიატებული აზრები მცირე დოზით ბევრ ადამიანს აქვს. თუმცა, თუ ობსესიები ხდება ინტრუზიული (შემოჭრილი), იწვევს დიდ შფოთვას და გართმევთ დროს (მაგ. იძულებული ხართ შეასრულოთ რიტუალები შფოთვის შესამცირებლად), ეს უკვე შეიძლება მიუთითებდეს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაზე (OCD).

იწვევს თუ არა შფოთვის მატებას ობსესიური ხასიათის დარღვევა (OCPD)?

დიახ. OCPD-სთვის დამახასიათებელი პერფექციონიზმი, გადამეტებული კონტროლის სურვილი და რიგიდულობა ხშირად ხდება შინაგანი დაძაბულობისა და შფოთვის წყარო, რადგან რეალობა ხშირად არ შეესაბამება პაციენტის მკაცრ სტანდარტებს.

ცვლის თუ არა წამალი პიროვნებას?

არა. მედიკამენტები მოქმედებს სიმპტომებზე (შფოთვაზე, უძილობაზე, აპათიაზე) და არა თქვენს პიროვნულ ღირებულებებზე, ინტერესებსა თუ ხასიათზე. პირიქით, მკურნალობის მიზანია დაგაბრუნოთ თქვენს ბუნებრივ მდგომარეობაში, რომელიც დაავადებამ „დაჩრდილა“.

რატომ გონია საზოგადოებას, რომ წამალი პიროვნებას შეგვიცვლის?

ეს სტიგმა მოდის ძველი თაობის პრეპარატების გამოცდილებიდან ან დოზირების არასწორი შერჩევიდან, რაც იწვევდა ძილიანობას ან ემოციურ სიბლანტეს. თანამედროვე მედიცინა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს სრული კოგნიტური და ემოციური ფუნქციონირება.

გვერდითი ეფექტი ნიშნავს, რომ წამალი არ მომერგო?

ყოველთვის არა. მკურნალობის საწყის ეტაპზე (პირველი 1-2 კვირა) ორგანიზმი გადის ადაპტაციის პერიოდს. მსუბუქი გვერდითი მოვლენები ხშირად თავისით გაივლის. თუმცა, თუ ეფექტი შემაწუხებელია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს დოზის კორექციისთვის ან წამლის შესაცვლელად.

არსებობს თუ არა ლითიუმის დეფიციტი და საჭიროა თუ არა ანალიზი, თუ პრეპარატს არ ვიღებ?

კლინიკურ მედიცინაში „ლითიუმის დეფიციტის“ ცნება, როგორც დაავადება, არ არსებობს (ვიტამინებისგან განსხვავებით). ლითიუმის ანალიზი სისხლში კეთდება მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლითიუმის პრეპარატებით, რათა გაკონტროლდეს მისი თერაპიული დონე და თავიდან იქნას აცილებული ტოქსიკურობა.

რა არის უხარისხო ძილის მთავარი ნიშანი?

მთავარი ნიშანია დღის განმავლობაში გამოხატული ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება გაღვიძებისთანავე, ყურადღების გაფანტულობა და გაღიზიანებადობა. თუ გძინავთ 8 საათი, მაგრამ დილით მაინც „გატეხილი“ ხართ, ძილის ხარისხი დასაშვებზე დაბალია.

რამდენად მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმი?

რეჟიმი (დაძინება და გაღვიძება ერთსა და იმავე დროს) კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ეხმარება ორგანიზმს შინაგანი საათის მომართვაში, რაც აუმჯობესებს ძილის ფაზების სტრუქტურას და აადვილებს ჩაძინებას.

რამდენი საათი ძილია ნორმა?

ზრდასრული ადამიანისთვის ოპტიმალურია 7-9 საათი უწყვეტი ძილი. თუმცა, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მოთხოვნილება: თუ 7 საათის შემდეგ თავს ენერგიულად გრძნობთ, ეს თქვენი ნორმაა.