რა იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს? გენეტიკის როლი და სოციალური ფაქტორი

ფსიქიკური დარღვევების განვითარებაში, როგორც წესი, მხოლოდ ერთი მიზეზი არ არსებობს. ხშირად ადამიანებს უჩნდებათ კითხვა – რატომ განვითარდა ფსიქიკური პრობლემა, როცა ცხოვრებაში არანაირი მნიშვნელოვანი სტრესული მოვლენა არ მომხდარა? ამის მიზეზი ხშირად გენეტიკური წინასწარგანწყობაა, როცა მცირე სტრესული ფაქტორიც კი საკმარისი ხდება დარღვევის გააქტიურებისთვის.

გენეტიკური ინფორმაცია მშობლებისგან შვილს დნმ-ის საშუალებით გადაეცემა. ეს ინფორმაცია განსაზღვრავს ადამიანის გარეგნობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ მახასიათებლებს, სხვადასხვა დაავადებისადმი მიდრეკილებას ან მდგრადობას. გარკვეული გენები, გარემო ფაქტორებთან ურთიერთქმედებით, შეიძლება დაკავშირებული იყოს ფსიქიკური დარღვევების განვითარების რისკთან.

 თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს, რომ ფსიქიკური დარღვევების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები. გენები განსაზღვრავს მოწყვლადობას კონკრეტული დარღვევების მიმართ, ხოლო გარემო ფაქტორები (მაგალითად, ქრონიკული სტრესი) შეიძლება გახდეს ამ გენების გააქტიურების მიზეზი. ეს ურთიერთქმედება ცნობილია როგორც “გენ-გარემოს ინტერაქცია”.

სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს სტრესულ ფაქტორებზე, თუმცა არსებობს გარკვეული სოციალური ფაქტორები, რომლებიც ხშირად ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამშვები მექანიზმია:

  • არასათანადო აღზრდის სტილი და ბავშვობის ტრავმული გამოცდილება
  • მძიმე მატერიალური მდგომარეობა
  • ახლობლის დაკარგვა
  • ომი და კონფლიქტები
  • ფსიქოლოგიური ტრავმა
  • მიგრაცია და ადაპტაციის სირთულეები
  • თავისუფლების აღკვეთა
  • სოციალური იზოლაცია
  • ქრონიკული სტრესი და გადაღლა

კვლევები აჩვენებს, რომ გარკვეული ფსიქიკური დარღვევების განვითარებაში გენეტიკური კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს დარღვევებია:

  • შიზოფრენია (მემკვიდრულობის წილი დაახლოებით 80%)
  • ბიპოლარული აშლილობა (მემკვიდრულობის წილი 60-85%)
  • აუტისტური სპექტრის აშლილობა (მემკვიდრულობის წილი 50-95%)
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD) (მემკვიდრულობის წილი 74%)
  • დეპრესია და შფოთვითი აშლილობები (მემკვიდრულობის წილი 30-40%)

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გენეტიკური წინასწარგანწყობა არ ნიშნავს დარღვევის აუცილებელ განვითარებას. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სტრესის მართვა და დროული დახმარების ძიება მნიშვნელოვნად ამცირებს ფსიქიკური დარღვევების განვითარების რისკს, გენეტიკური წინასწარგანწყობის არსებობის შემთხვევაშიც კი.

ავტორი: ავთანდილ პაპელიშვილი
რედაქტორი: ელენე ხომერიკი, გუგა სიხარულიძე