წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და გამოჯანმრთელების ეტაპები

წამალდამოკიდებულება გავლენას ახდენს პიროვნების ცხოვრების ბიო-ფსიქო-სოციალურ კომპონენტებზე.

ამ დროს ადამიანს ექმნება ფიზიკური ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები, რაც გავლენას ახდენს მისი ცხოვრების ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ წამალდამოკიდებულება განკურნებადია.

  • მოსამზადებელი ეტაპი, იგივე გადაწყვეტილების მიღების ეტაპი- ამ ეტაპზე ადამიანი წყვეტს, რომ სურს მკურნალობა და გამოჯანმრთელება. ასეთი გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პიროვნებამ გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს, იძულების გარეშე.
  • დეტოქსიკაცია, ანუ, ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნის ეტაპი-  მას შემდეგ, რაც ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ხდება ორგანიზმის დეტოქსიკაცია, ანუ, ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა. დეტოქსიკაცია რთული ეტაპია, რადგან ამ დროს ჩნდება იმ ნივთიერების ძლიერი მოთხოვნილება, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანი.
  • ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ეტაპი– ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოხსნის ეტაპი დეტოქსიკაციის ეტაპიდან იწყება, თუმცა გრძელდება დეტოქსიკაციის შემდეგაც. ამ ეტაპზე პიროვნება იწყებს ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებას. ასევე ხდება წარსული და ახალი უნარ-ჩვევების აღდგენა და აღმოჩენა, სოციალური კავშირების გაუმჯობესება და ა.შ.

 არსებობს გარკვეული ეტაპები, რომლებიც პიროვნებამ უნდა გაიაროს გამოჯანმრთელებისთვის. ეს ეტაპებია:

1. წინასწარი განხილვის ეტაპი– ამ ეტაპზე პიროვნება დამოკიდებულებას არ აღიარებს, უფრო მეტიც, პოზიტიური განწყობა აქვს მის მიმართ. ის შესაძლოა ამბობდეს, რომ ნარკოტიკი ბედნიერს ხდის და ეხმარება ცხოვრებისგან კმაყოფილების მიღებაში. ასევე შესაძლოა ამბობდეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ნარკოტიკულ საშუალებაზე.

2. განხილვის ეტაპი– პიროვნება განიხილავს, რომ ის შესაძლოა დამოკიდებული იყოს და ფიქრობს მოხმარების შემცირებაზე. ამ დროს ინდივიდს აქვს მზადყოფნა, გაიაზროს თუ რა ზიანი მოაქვს დამოკიდებულებას. ის შეიძლება იძიებდეს ინფორმაციას დამოკიდებულების კონტროლის ან/და შემცირების გზებზე.

3. მომზადების ეტაპი– პიროვნება მზადაა გადადგას მცირე ნაბიჯები,  რათა თავი დააღწიოს დამოკიდებულებას. ხშირია მოხმარების თვითნებურად, დამოუკიდებლად შეწყვეტის მცდელობები, რასაც თავის მხრივ შესაძლოა მოჰყვეს სხვა ნეგატიური შედეგები.

4. მოქმედების ეტაპი– პიროვნება აღიარებს, რომ აქვს პრობლემა, რომელთანაც დამოუკიდებლად ბრძოლა უჭირს. ის ეძებს დახმარებას, მიმართავს სარეაბილიტაციო ცენტრს და სპეციალისტებს, რათა გათავისუფლდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან.5. შენარჩუნების სტადია- დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არა არის ხანმოკლე პროცესი, ის ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია, რომელიც გამუდმებით საჭიროებს მონიტორინგსა და მხარდაჭერას, რათა თავიდან ავიცილოთ რეციდივი.