რა არის თვითმკურნალობა?
თვითმკურნალობა გულისხმობს მედიკამენტების შერჩევას და გამოყენებას ინდივიდის მიერ, თვითდიაგნოსტირებული მდგომარეობის ან სიმპტომების სამკურნალოდ.
თვითმკურნალობა გავრცელებული მეთოდია, როგორც სომატური, ისე ფსიქიკური მდგომარეობების მკურნალობისას.
თვითმკურნალობის დადებითი მახასიათებლები
თვითმკურნალობას მკურნალობის პირველ ეტაპზე შესაძლოა გააჩნდეს დადებითი ასპექტებიც, როგორებიცაა:
- სტიგმატიზაციის თავიდან არიდება: ფსიქიკური სერვისებით სარგებლობა, ჩვენს რეალობაში, დღემდე სტიგმატიზირებულ საკითხად რჩება. სტიგმისა და საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციის შიშის გამო, ზოგი ადამიანი ერიდება ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტებისგან დახმარების მიღებას. თვითმკურნალობამ შესაძლოა ამ ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდონ საზოგადოების უარყოფითი რეაქციები.
- სიმპტომების მომენტალური შემსუბუქება: თვითმკურნალობით შესაძლებელია სიმპტომების დროებითი შემსუბუქება, რაც ადამიანებს მწვავე და კრიზისული სიტუაციების მომენტალურად გადალახვაში შეიძლება ეხმარებოდეთ.
- ფინანსური ხარჯების შემცირება: თვითმკურნალობით ადამიანმა შეიძლება თავიდან აიცილოს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, რადგან თვითმკურნალობა არ მოითხოვს ექიმთან ვიზიტებს ან რეცეპტით გაწერილი მედიკამენტების შეძენა.
თვითმკურნალობის უარყოფითი მხარეები და დამაზიანებელი ეფექტები
- სიმპტომების გართულება: ფსიქიკური დაავადებების მართვა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ფსიქიატრის მხრიდან აქტიურ დაკვირვებას საჭიროებს. არასწორად წარმართულ თვითმკურნალობას გართულებების და სიმპტომების მაღალი სიმწვავით გამოვლენის რისკი ახლავს თან.
- არაეფექტურობა: თვითმკურნალობის ბევრი მეთოდი შეიძლება არ იყოს კლინიკურად დამტკიცებული, რაც ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ და ეფექტურ შედეგებს ვერ შექმნის.
- დამოკიდებულების ჩამოყალიბება: თვითმკურნალობისას ზოგჯერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დამოკიდებულება ისეთი პრეპარატების მიმართ, როგორიცაა ფსიქოტროპული ნივთიერებები ან ადგილი ჰქონდეს რეცეპტით დანიშნული მედიკამენტების არამიზნობრივ და გადაჭარბებულ გამოყენებას.
- გრძელვადიანი დამაზიანებელი ეფექტები: ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა შესაძლოა დროში ძალიან გახანგრძლივდეს არასწორად დაწყებული თვითმურნალობის გამო, რაც ხელს უშლის სრულფასოვანი გამოჯანმრთელების პროცესს.
- მცდარი თვითდიაგნოსტირება: ადამიანებმა, შესაძლოა მცდარი დიაგნოზი დაუსვან საკუთარ თავს და მათ მიერ ჩატარებული თვითმკურნალობა არ იქნეს შედეგიანი და ვერ უზრუნველყოს ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესება.
- არასწორი მიღების წესი და დოზირება: თვითმკურნალობის პროცესში მედიკამენტების დოზებისა და მიღების წესის თვითნებური შერჩევა არა თუ ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს ინდივიდის გამოჯანმრთელები პროცესისთვის, არამედ მისი მდგომარეობის გართულების მაღალი რისკ- ფაქტორიც შეიძლება გახდეს.
- ონლაინ რესურსების და ფორუმების ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: თუკი ადამიანი ითვალისწინებს ონლაინ ქსელებსა და ფორუმებში გაცემულ რეკომენდაციებს, თვითმკურნალობისას, შესაძლოა ვერ შეძლოს მისი ინდივიდუალური მდგომარეობის სწორი მართვა.
მკურნალობის პროცესის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია პროფესიონალებისგან დახმარების მიღება, რადგან ფსიქიკური დაავადებების მართვა მოითხოვს სპეციალისტების ჩარევას.
ფსიქიატრები, კლინიკური ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები სპეციალიზირებულები არიან დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის გეგმის შესადგენად, ინდივიდის გამოჯანმრთელებისა და სწორი მკურნალობის შეთავაზების მიზნით.
ავტორი: ელენე გოგოხია
რედაქტორი: გუგა სიხარულიძე, ელენე ხომერიკი