თვითდიაგნოსტიკა

სხვადასხვა ინტერნეტ და სოციალური პლატფორმების პოპულარობამ ხელი შეუწყო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდას. რომლის პარალელურად გამოიკვეთა მაღალი ტენდენცია თვითდიაგნოსიტიკის ზრდისკენ.  

როდესაც ადამიანი შესაბამისი განათლების გარეშე საკუთარ თავს უსვამს დიაგნოზს, ამას თვითდიაგნოსტიკა ეწოდება.

ინდივიდი დიაგნოზს შეიძლება სვამდეს სხვადასხვა სამეცნიერი ლიტერატურის, ინტერნეტ კონტენტის, პირადი, ან სხვების გამოცდილების საფუძველზე.

თვითდიაგნოსტირება სასარგებლოა, თუ ის ემსახურება პრობლემის იდენტიფიცირებას და, თუ მას საჭიროების შემთხვევაში მოსდევს სპეციალისტის კონსულტაცია.

ის შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანმა დაიწყოს მკურნალობა. 

თუმცა, საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, თვითდიაგნოსტირება საკმაოდ საშიშია. როდესაც საკუთარი თავისთვის დასმული დიაგნოზი მცდარია, ის აყოვნებს სწორ და დროულ მკურნალობას. უფრო მეტიც, კოგნიტური მიკერძოების ზოგი ტიპი, ხელს უწყობს მცდარი დიაგნოზის დაჯერებას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს პიროვნებაზე.

განვიხილოთ მაგალითი, როდესაც ინდივიდი ტიკ-ტოკზე, ან სხვა სოციალურ ქსელში უყურებს ვიდეოს დისოციაციური ამნეზიის (მეხსიერების პათოლოგია) შესახებ. შესაძლოა მისი ნორმის ფარგლებში არსებულ გულმავიწყობას კი ამ სერიოზულ აშლილობას მიაწეროს. ამ შემთხვევაში, თვითდიაგნოსტიკამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი მკურნალობა, ან სტრესი.

თვითინფორმირებაში ვგულისხმობთ პროცესს, როდესაც ადამიანი დამოუკიდებლად იძიებს ინფორმაციას ჯანმრთელობის სხვადასხვა საკითხის ირგვლივ. 

თვითინფორმირების მთავარი სარგებელია წინასწარი შემზადება მკურნალობის ან დიაგნოსტირებისთვის, რათა ინდივიდმა მიიღოს დროული და სწორი ხელშეწყობა. სწორი ინფორმირება საჭირო და სასარგებლოა საზოგადოებრივ დონეზეც, რათა მეტი მიმღებლობა იყოს სხვადასხვა მენტალური თუ ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ. შესაბამისად, ის ემსახურება დესტიგმატიზაციას.

ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური ინფორმაცია. ხშირად, ადამიანებისთვის რთულია მოძიებული ინფორმაციის სანდოობის გარჩევა. მაშინაც კი, როდესაც თვითინფორმირების წყარო ზუსტია, მაშინაც კი არსებობს არასწორი დასკვნის გამოტანის საფრთხე.

ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ფსიქოლოგიური თემატიკის ინფორმაცია სოციალურ ქსელში.

მაგალითად, 2.7 მილიარდი ნახვა ჰქონდა ვიდეოებს ჰეშთეგით ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი).

კვლევების თანახმად, იმავე პლატფორმის გამოყენებით ADHD-ზე გავრცელებული ვიდეოების ნახევარზე მეტი არ იყო კლინიკურად სწორი და შეცდომაში შეყავდა მსმენელი. 

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ინტერნეტში მოპოვებული მასალა შესაძლოა იყოს მცდარი. ასევე სწორი ინფორმაციაც შეიძლება საკმარისი განათლების გარეშე არასწორად იქნეს გაგებული.

საბოლოო ჯამში, რაიმე ჩივილის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რათა თავიდან ავირიდოთ არასაჭირო რისკები და სტრესი.

ავტორი: ელენე ხომერიკი
რედაქტორები: გუგა სიხარულიძე, მარიამ ახმეტელი, ელენე გოგოხია