ფსიქიკის გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე

“არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე”

ექიმი ბროკ ქიშოლმი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი დირექტორი

გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენს ემოციურ მდგომარეობას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს თქვენს სხეულზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე? 

ფსიქიკურ ჯანმრთელობა და ფიზიკურ ჯანმრთელობა ორმხრივ, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

ემოციები და სტრესი ხშირად აისახება ჩვენს სხეულზე. მაგალითად ნერვიულობისას გვიოფლიანდება ხელები, გვიჩქარდება პულსი.

ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ფსიქიკა და ფიზიოლოგია ერთობლივად მუშაობს და ზემოქმედებს ერთმანეთზე. სანამ მოგაწოდებთ საინტერესო ინფორმაციას ამ კავშირზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ფსიქიკურ ჯანმრთელობაში არ იგულისხმება დაავადების არ არსებობა. ამ ტერმინით აღინიშნება ემოციური, სოციალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, “ჯანმრთელობა ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური სრული კეთილდღეობის მდგომარეობაა, და არა მხოლოდ ავადმყოფობის არ არსებობა“. 

ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ზოგად ჯანმრთელობაზე.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულის შეტევის და ინსულტის რისკის შემცირებაში. 

მეორეს მხრივ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები კავშირშია გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებთან, სქესობრივი ფუნქციის დარღვევასთან, იმუნიტეტის დაქვეითებასთან და სხვა ფიზიკურ პრობლემებთან. 

ფსიქიკის გავლენის უფრო კონკრეტული მაგალითია ის ფაქტი, რომ  გასტრო-ენტეროლოგიური პრობლემები ძალიან ხშირია იმ ინდივიდებში, რომლებსაც აქვთ გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა. 

სხვა კვლევების თანახმად კი, აგრესიის შეკავების ტენდენცია კავშირშია ჰიპერტენზიასთან (მაღალი წნევა). ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ აგრესიის შეკავებას რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.

ადამიანების უმრავლესობა ფიზიკური ჩივილების აღმოჩენისას მათ ფიზიკურ საფუძველს ეძებს. რაც, რა თქმა უნდა, სწორია, რათა გამოირიცხოს რაიმე სერიოზული ფიზიოლოგიური პათოლოგია. თუმცა, რა ხდება როდესაც ექიმი გვეუბნება, რომ ანალიზებში არანაირი პრობლემა არ იკვეთება? რა ხდება როდესაც ადამიანი უჩივის ხშირ ტაქიკარდიას, თუმცა კარდიოლოგი ეუბნება, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია? ახსენდება თუ არა მას ამ დროს, რომ მისი ფიზიკური ჩივილების მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქიკა და არა რაიმე სხვა?

როცა ვზრუნავთ ჩვენს სხეულზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ფსიქიკის როლი და პირიქით – ფსიქიკურ კეთილდღეობაზე მუშაობისას არ უნდა გამოგვრჩეს ფიზიკური ჯანმრთელობა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფიზიკური ჩივილების გამოკვლევისას, არ დაგვავიწყდეს ფსიქიკის ფაქტორი და მისი შესაძლო გავლენა, რათა საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ სპეციალისტს.

ავტორი: ელენე ხომერიკი

რედაქტორი: გუგა სიხარულიძე