შიში თუ შფოთვა

იცით რა არის შიში ან შფოთვა? ორივე მათგანი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ქცევებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაინც რა საერთო თუ განმასხვავებელი ნიშნები ახასიათებთ მათ? როდის არის შფოთვა ან შიში საჭირო და ნორმალური, ხოლო, როდის ხდება საზიანო? 

შფოთვა არის ემოცია, რომელიც ადამიანს მთლიანად მოიცავს. ამ დროს აქტიურდება ჩვენი ვეგეტატიური სისტემა, ადამიანი დაძაბულია, ცუდი წინათგრძნობა აქვს  და საფრთხის სუბიექტური შეგრძნება უჩნდება. ხშირად გვავიწყდება, რომ შფოთვა არის გასაოცარი, საკმაოდ ეფექტური მოტივატორი. ის გვამზადებს მოსალოდნელი გამოწვევებისთვის და „მოგვიწოდებს“, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა. მაგალითად, სტუდენტი, რომელსაც აქვს გამოცდა, შფოთავს  და სწორედ შფოთვის ხარჯზე იწყებს გამოცდისთვის მზადებას. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, თუ რამხელა როლი აქვს შფოთვას პასუხისმგებლობის შესრულების მხრივ. შეიძლება ითქვას, რომ შფოთვა არის ჩვენი გაკეთებული საქმის ხარისხზე პასუხისმგებელი.

შიშს, შფოთვისგან განსხვავებით აქვს ობიექტი. ჩვენ ვიცით, რისი გვეშინია. შიში გვიცავს რისკიანი ქცევებისგან. ის, უპირველესად, არის დაცვითი მექანიზმი. ბავშვობიდან ვსწავლობთ, რომ გარკვეულ სიტუაციებში გვტკივა და ამ სიტუაციების შესაბამის ქცევას.  მაგალითად,  ცეცხლთან შეხება გვწვავს და მასთან ახლოს მისვლის დროს გვეუფლება შიში, რომელიც რეალურად გვიცავს.

თუ შიში ან შფოთვა:

  • გვაგდებს კალაპოტიდან
  • ხელს გვიშლის ცხოვრებაში და ურთიერთობებში 
  • ხელს გვიშლის თვითრეალიზაციაში 
  • გვიზღუდავს თავისუფლების ხარისხს 
  • გვიჩენს მუდმივ ნეგატიურ მოლოდინებს 
  • ჩნდება მუდმივი შინაგანი დისკომფორტს

საბოლოო ჯამში, თუ ეს ემოციები დროში ხანგრძლივდება, სიტუაციისთვის შეუსაბამო ინტენსივობის ან ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელისშემშლელი ხდება, თუ ინდივიდს უჭირს მათთან გამკლავება, სასარგებლო და რეკომენდირებულია სპეციალისტის  დახმარება. 

ავტორი: თინათინ ომანაძე
რედაქტორები: ნანა მამულაშვილი, გუგა სიხარულიძე, ელენე ხომერიკი, მარიამ ახმეტელი, ელენე გოგოხია