ფიქრობ, რომ გიჟდები? გეშინია, რომ ვეღარ გააკონტროლებ შენ თავს, შენს ქცევებს? ამ დროს გიჩერდება გულის ცემა, გრძნობ თავბრუსხვევას და ცივ ოფლს, სუნთქვა გიხშირდება და ვეღარ აკონტროლებ შენს ემოციებ? რატომ ხდება ასე? რასთან არის დაკავშირებული ეს განცდა?
რა არის გაგიჟების შიში?
ტერმინი „გაგიჟება“ არ წარმოადგენს სამეცნიერო ტერმინოლოგიას. ეს ტერმინი საზოგადოებაშია დამკვიდრებული, რომელშიც იგულისხმება პიროვნების უცნაური ქცევა, ბოდვა ან/და დიალოგი ჰალუცინაციასთან. გაგიჟების შიში სწორედ გააზრებულობასა და რაციონალურობის დაკარგვასთან ასოცირდება, რაც იწვევს შფოთვას და შიშს.
გაგიჟების შიშის დროს პიროვნებას აქვს ფიქრები, რომ ის გიჟდება ან შესაძლოა გაგიჟდეს. შიშის საფუძველზე პიროვნებას ურთულდება სოციალური ურთიერთობები, მძაფრდება ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ის დათრგუნულია, დაძაბულია, მატულობს ზოგადი შფოთვის დონე, შიში გავლენას ახდენს თვითშეფასებასა და ცხოვრებით კმაყოფილებაზე.
გაგიჟების შიში არის ერთგვარი აკვიატებული აზრი, აკვიატებული შიში, რომელსაც თან ახლავს შფოთვა და შფოთვისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები, როგორიც არის გულისცემის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, ჰაერის უკმარისობა, კანკალი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა და ა.შ. ამ დროს ადამიანს აქვს შიში, რომ ის შეიძლება გაგიჟდეს და კავშირი დაკარგოს რეალობასთან. ხშირად გაგიჟების შიშს მოიხსენიებენ დემენტოფობიის სახელით, რომელიც კლასიფიცირდება იზოლირებული ფობიების დიაგნოსტიკურ ჯგუფში.
სიმპტომები და მახასიათებლები:
ფსიქოლოგიური სიმპტომები:
- შიზოფრენიის ან სხვა ფსიქოზური აშლილობის განვითარების შიში;
- საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის განცდა და შიში;
- ირაციონალური შიში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების შესახებ;
- გონების დაკარგვის შიში;
- პიროვნება განიცდის მნიშვნელოვან დისტრესს, რომელიც გამოწვეულია განრიდებით და შფოთვით. ამ დროს შფოთვა გადაჭარბებული ან უსაფუძვლოა;
- შიში იწვევს მნიშვნელოვან დისტრესს ან აზიანებს სოციალურ ან პროფესიულ ფუნქციონირებას;
- შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითებასთან დაკავშირებული შფოთვა;
- დემენციის მოლოდინის შიში;
ფიზიკური სიმპტომები:
- აჩქარებული პულსი
- თავბრუსხვევა
- ოფლიანობა
- კუნთური დაძაბულობა
- გახშირებული სუნთქვა
- სისუსტის შეგრძნება
- კონცენტრაციის სირთულე
მიუხედავად აზრების და ემოციების ინტენსივობისა, არ არსებობს მონაცემი „გაგიჟების შიშით“ გაგიჟებულ პიროვნებაზე.
სხვა სიტყვებით:
გაგიჟების შიშით არავინ გაგიჟებულა ! ! !
რა არის გაგიჟების შიშის მიზეზი?
გაგიჟების შიში შფოთვითი დარღვევების საკმაოდ გავრცელებული გამოხატულებაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით:
- ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ზოგადი შიში: ზოგჯერ ადამიანები შინაგანად შფოთავენ, რომ შეიძლება კონტროლი დაკარგონ ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა განუვითარდეთ.
- ტრავმული გამოცდილება: წარსულში გადატანილი სტრესული სიტუაციები ან ოჯახში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების არსებობა შეიძლება ამ შიშს უკავშირდებოდეს.
- მაღალი სტრესი და შფოთვა: დაძაბული ცხოვრების პირობებში ადამიანებს ხშირად უჩნდებათ შიში იმისა, რომ ყველაფერს ვერ გაუმკლავდებიან.
გაგიჟების შიში, ხშირ შემთხვევაში, აღმოცენდება ძლიერ სტრესის შემდეგ, როდესაც ადამიანს გაუჩნდება აზრი, რომ შეიძლება დაკარგოს კონტროლი საკუთარ აზრებზე, ქმედებაზე, განცდებზე და ა.შ.
ხშირად გაგიჟების შიში დაკავშირებული ისეთ ფსიქიკურ დარღვევებთან როგორიცაა: პანიკური აშლილობა; ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD); პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
მკურნალობა:
როგორც ზემოთ აღინიშნა, გაგიჟების შიში არის შფოთვის რამდენიმე სახეობის საერთო გამოვლინება, შფოთვასთან გამკლავება შესაძლებელია როგორც მედიკამენტური ისე ფსიქოთერაპიული მუშაობით. მკურნალობის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფსიქიატრის ისე ფსიქოლოგის ჩართულობა.
მედიკამენტური მკურნალობა ხდება როგორც შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის შემთხვევაში ანტიდეპრესანტებით, საჭიროების შემთხვევაში სხვა ჯგუფის მედიკამენტებთან კომბინაციაში.
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ასევე საკმაოდ ეფექტურია შფოთვის სამკურნალოდ. ეს თერაპიული მიდგომა ეხმარება ადამიანს ისწავლოს და გამოიყენოს სხვადასხვა უნარები, მოახდინოს ნეგატიური აზრების იდენტიფიცირება და შეცვალოს ნეგატიური აზრები პოზიტიური აზრებით.
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია გაგიჟების შიში დროს შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ცალკე ასევე კომბინაციაში მედიკამენტურ მკურნალობასთან.
ავტორი: ავთანდილ პაპელიშვილი
რედაქტორი: გუგა სიხარულიძე, ელენე ხომერიკი