ემოციური გადაწვა

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპი ხშირად გვაიძულებს შევასრულოთ უამრავი ამოცანა, ვიყოთ პროდუქტიულები და მივაღწიოთ მიზნებს. თუმცა, როდესაც საკუთარ თავს ზედმეტად ვტვირთავთ და ვკარგავთ ბალანსს, იზრდება „გადაწვის“ ალბათობა.

გადაწვა მდგომარეობაა, რომელიც ხანგრძლივი, ყოველდღიური, თუნდაც მცირე  “სტრესებით” არის გამოწვეული. 

მისთვის დამახასიათებელია ემოციური, ფიზიკური და მენტალური გამოფიტვის, „გადაწვის“ განცდა. 

გადაწვა ხშირად კავშირშია სამსახურით, სწავლით, ან პირადი პასუხისმგებლობებით გადაჭარბებულ დატვირთვასთან. ის გავლენას ახდენს, როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაზე. 

2019 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გადაწვა დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაშიც კი შეიტანა. 

  1. ენერგიის შემცირების განცდა და გადაღლა
  2. მოჭარბებული ნეგატივიზმი, ცინიკური დამოკიდებულება სამსახურის მიმართ
  3. ეფექტურობის შემცირება
  • გადაწვა ქრონიკული სტრესის შედეგია, თუმცა ის არ არის სტრესის სინონიმი. 
  • სტრესი ბუნებრივი და ჯანსაღი პასუხია ყოველდღიურ გამოწვევებზე, ის არ არის ცალსახად ნეგატიური, უარყოფითი ფაქტორი. მეტიც, ეუსტრესი (დადებითი სტრესი) ჩვენი ცხოვრების განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია. 
  • როგორც წესი, სტრესულ რეაქციას აქვს თავისი ვადა, რის შემდეგაც ადამიანი მისთვის კომფორტულ შეგრძნებებს უბრუნდება. 
  • სტრესისგან განსხვავებით, ემოციური გადაწვა თავისით არ აღდგება.

ექვსეტაპიან მოდელი  აღწერს თუ როგორ მიდის ადამიანი გადაწვამდე.

  1. თაფლობის თვის ფაზა

ადამიანი ახალი საქმიანობის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ის გამოირჩევა მოტივაციის მაღალი დონით. როგორც წესი, ამ ეტაპზე მას უჭირს სტრესის ადრეული ნიშნების შემჩნევა.

  1. სტრესის დასაწყისი

ამ ეტაპზე ენთუზიაზმი და მოტივაცია ნელ-ნელა იკლებს, ხოლო სტრესის დონე მატულობს.

  1. ქრონიკული სტრესი

სტრესი მატულობს, ხდება ქრონიკული და გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ადამიანი თავს ვერ გრძნობს თავისუფლად და დღის უმეტესი მონაკვეთი დაძაბულია.

  1. ფიზიკური და ემოციური გადაღლა

ეს ფაზა, როგორც წესი, მოიცავს ენერგიის დონის კლებას. ჩნდება ფიზიკური და ემოციური გადაღლის ნიშნები, რაც ხელს უშლის ინდივიდს ფეხი აუწყოს ყოველდღიურობის მოთხოვნებს.

  1. დეპერსონალიზაცია და ცინიზმი

გადაწვის ამ ეტაპზე ინდივიდი ურთიერთობებში დისტანცირებული, ან ცინიკურია. „დეპერსონალიზაცია“ გულისხმობს ემოციური იზოლაციის განცდას, რომელსაც თან ახლავს თანაგრძნობის დაკარგვა სამსახურში ურთიერთქმედების დროს.

  1. პროფესიულ მიღწევათა რედუქცია (შემცირება)

ეს ეტაპი მოიცავს საკუთარი თავით, როგორც პროფესიონალით კმაყოფილების განცდის შემცირებას. ამ ფაზაში ადამიანი მიდრეკილია ნეგატიურად შეაფასოს საკუთარი უნარები, კომპეტენტურობის დონე და სამსახური. ის შესაძლოა ნელ-ნელა იზოლირდეს და საბოლოოდ უარიც კი თქვას სამსახურზე.

  1. ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის

დროის სწორად მართვა აუცილებელია. მნიშვნელოვანია ისე გადაანაწილოთ დრო, რომ  შეძლოთ დასვენებაც, პირადი ინტერესების და ურთიერთობების ქონაც და, რა თქმა უნდა, მუშაობაც. სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა დადებითად აისახება არა მხოლოდ ემოციურ კეთილდღეობაზე, არამედ პროდუქტიულობაზეც კი.

  1. რეგულარული თვითმოვლა

თვითმფრინავებში ბორტგამცილებლები ყოველთვის გვაფრთხილებენ, რომ კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჯერ თქვენი ჟანგბადის ნიღაბი გაიკეთოთ, რის შემდეგაც შეძლებთ სხვის დახმარებას. ამ შემთხვევაშიც ასეა. სანამ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე, ან სხვების დახმარებაზე იზრუნებთ მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი საბაზისო მოთხოვნილებები (სწორი კვება, ძილის რეჟიმი…), რათა გქონდეთ სტრესთან გამკლავების და ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონირების რესურსი. არანაკლებ მნიშვნელოვანია იზრუნოთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე (სუნთქვითი ვარჯიშები, დღისით წერა, მედიტაცია…).

  1. სოციალური ურთიერთობები

ადამიანები სოციალური არსებები ვართ. ხანგრძლივი კეთილდღეობისთვის, სტრესთან გამკლავებისა და ემოციური გადაწვის შანსების შემცირებისთვის სასარგებლოა ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ქონა.

ავტორი: ელენე ხომერიკი
რედაქტორები: გუგა სიხარულიძე, ელენე გოგოხია, მარიამ ახმეტელი