რა არის კვებითი აშლილობა?

თქვენი წონა მნიშვნელოვნად შეიცვალა მოკლე დროში? ჩაგითვლიათ თავი ჭარბწონიანად მაშინაც კი, როდესაც გარშემომყოფები საპირისპიროს გიმტკიცებდნენ? თქვენი წონა ძლიერ გავლენას ახდენს თქვენს თვითშეფასებაზე? მიმართავთ ხოლმე ისეთ ქცევებს როგორებიცაა ღებინება, გადაჭარბებული ვარჯიში ან საფაღარათო საშუალებების გამოყენება? ხშირად გაქვთ ხოლმე უკონტროლო კვების ეპიზოდი?

თუ ზემოხსენებულ რომელიმე კითხვაზე პასუხია “დიახ”, შესაძლოა საქმე გვქონდეს კვებით აშლილობასთან.

კვებითი აშლილობა არის კრებითი სახელი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ფსიქიკურ დარღვევებს. ეს დარღვევები ხშირად მოიცავს ნორმისგან დაცილებულ კვებით ქცევას. ამ დროს ადამიანს არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს საკვებთან, წონასთან და სხეულის აღქმასთან მიმართებაში.

სხვა ფსიქიკურ დარღვევებთან შედარებით, კვებითი აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა და შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. არსებობს კვებითი დარღვევების მთელი სპექტრი, ქვემოთ კი განვიხილავთ მათგან სამ ყველაზე გავრცელებულს.

ანორექსია ხასიათდება საკვების მოხმარების მკვეთრი შეზღუდვით და წონის მომატების მძაფრი შიშით, მაშინაც კი, როდესაც ინდივიდი ნორმაზე გამხდარია. ამ დროს ადამიანი განიცდის წონის მომატების ძლიერ შიშს. ის არასწორად აღიქვამს სხეულის, რაც მას უბიძგებს მუდმივად ისწრაფოდეს სიგამხდრისკენ. კვების მკვეთრ შეზღუდვასთან ერთად, ხშირია გადაჭარბებული ვარჯიშიც. ანორექსიის დროს შესაძლოა შეწყდეს მენსტრუალური ციკლი (ამენორეა).

ბულიმია ხასიათდება დიდი რაოდენობის საკვების უკონტროლო მოხმარებით. წონის მომატების თავიდან ასაცილებლად, კვების შემდეგ ადამიანი ახორციელებს გარკვეულ კომპენსატორულ ქცევებს: ღებინება, გადაჭარბებული ვარჯიში ან საფაღარათო საშუალებების გამოყენება. ანორექსიისგან განსხვავებით, როგორც წესი, მენსტრუალური ციკლი შენარჩუნებულია.

ბულიმიით დაავადებული ადამიანის ამოცნობა შესაძლოა სირთულეს წარმოადგენდეს, რადგან ჩვეულებრივ ისინი ინარჩუნებენ ჯანსაღ წონას.

ამ კვებითი აშლილობის შემთხვევაში, ადამიანი დიდი რაოდენობით საკვებს სწრაფად და დისკომფორტის განცდამდე მიირთმევს. ეს ქცევა დაკავშირებულია სტრესთან გამკლავებასთან და არა შიმშილთან. ბულიმიით დაავადებული პირებისგან განსხვავებით, ისინი არ ეწევიან კომპენსატორულ ქცევას. ყოველივე ამან შესაძლოა გამოიწვიოს სიმსუქნე ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემები. აგრეთვე, საკვების ჭარბად მოხმარების შემდეგ ადამიანი დამნაშავედ გრძნობს თავს. სირცხვილის განცდისა და სტრესის გამო მკვეთრად მცირდება სიცოცხლის ხარისხი.

კვებითი აშლილობების მკურნალობა ჩვეულებრივ ხდება კომპლექსურად და მოიცავს სხვადასხვა მიდგომებს:

ფსიქოთერაპია: მაგალითად, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ეხმარება ადამიანებს ზიანის მომტანი აზროვნების და ქცევითი პატერნების შეცვლაში. ოჯახური თერაპია ასევე შეიძლება იყოს დამხმარე, განსაკუთრებით მოზარდებისთვის.

ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია: საჭიროა ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობა ჯანსაღი კვების ჩვევების აღსადგენად და კვების ინდივიდუალური გეგმის შესადგენად.

სამედიცინო მკურნალობა: კვებითი აშლილობების დროს ხშირად იჩენს თავს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც შესაბამის სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს (მაგ. დეჰიდრატაცია, ელექტროლიტების დისბალანსი ან ორგანოს დაზიანება).

მედიკამენტოზური მკურნალობა: კვებითი აშლილობის შემთხვევაში,  მედიკამენტოზური მკურნალობა მკვეთრად ზრდის მის ეფექტურობას.

 კვებითმა დარღვევებმა შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს, ამიტომაც ხშირად გადამწყვეტია ადრეული ჩარევა.

თუ თქვენ (ან ვინმეს, ვისაც იცნობთ) აქვს კვებით აშლილობის ნიშნები, მნიშვნელოვანია დროულად მიმართონ სპეციალისტს.

გამოჯანმრთელებისათვის მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და მულტიპროფილური მკურნალობა.

ავტორი: მარიამ შერეშაშვილი
რედაქტორი: ელენე ხომერიკი, გუგა სიხარულიძე