ერთხელ მაინც გქონია განცდა, თითქოს თქვენს გარშემო საგნები და მოვლენები შეცვლილია, თითქოს არარეალური და განსხვავებულია? აღნიშნული შეგრძნება ხშირად შიშს და შფოთვას იწვევს.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის ნაცნობ გარემოში, მაგალითად თვენს ოთახში ზიხართ. ამის მიუხედავად, გაქვს შეგრძნება, რომ თითქოს გარემო უცხოა, ან დაბინდულია, ოთახი ზედმეტად პატარა ან დიდია? თქვენთვის კარგად ნაცნობი ობიექტები უჩვეულოდ აღიქმებიან – ისეთი გრძნობა გეუფლებათ, თითქოს სიზმარში ხართ და გარშემო ხალხიც არარეალურია.
დერეალიზაცია არის დისოციაციური აშლილობის ფორმა, რომლის დროსაც ინდივიდი გრძნობს, რომ გარემოსგან მოწყვეტილია. ამ დროს გარე ობიექტები განსხვავებულად, უჩვეულოდ აღიქმებიან.
აღნიშნული მდგომარეობა თავისი “უჩვეულობით” ხშირად იწვევს შფოთვისა და შიშის განცდა, ფიქრებს – “ხომ არ გავგიჟდით”, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ჩვენს დისკომფორტს.
რა სიმპტომებით ხასიათდება დერეალიზაცია?
- გარემოსგან მოწყვეტის, განცალკევების განცდა.
- გარემო ირგვლივ განიცდება, როგორც ფილმის სიუჟეტი ან სიზმარი.
- საგნები და ადამიანების მცდარი აღქმა: საგნები შეიძლება ჩანდნენ ძალიან ახლოს, შორს ან ბუნდოვნად.
- ობიექტის პროპორციების დარღვეული აღქმაც – ძალიან დიდი ან ძალიან პატარა.
- ხმების არასწორი აღქმა – ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი.
- დროის მცდარი აღქმა – სწრაფად გადის, ან ნელდება, ან სულაც შეჩერებულია.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დერეალიზაცია?
ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთი, რამდენიმე საათი, რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა, ზოგჯერ წლებიც კი.
დერეალიზაციის გამომწვევი ფაქტორები
დერეალიზაცია, როგორც ფენომენი, შეიძლება არსებობდეს როგორც ცალკეული დაავადების სახით, ასევე წარმოდგენილი იყოს, როგორც სინდრომი სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების შემადგენლობაში.
დერეალიზაცია ხშირად იჩენს თავს, როგორც გადაჭარბებული სტრესის/ტრავმის შედეგად აღმოცენებული მდგომარეობა. დერეალიზაცია შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფსიქიკური პრობელმების დროს, როგორებიცაა: ძილის ნაკლებობა, შფოთვითი აშლილობა და პანიკური აშლილობა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/დამოკიდებულება.
განსხვავება დეპერსონალიზაციას და დერეალიზაციას შორის
დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია ხშირად ერთად განიხილება, რადგან ორივე მიეკუთვნება დისოციაციური აშლილობების კატეგორიას. მიუხედავად ამისა, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
დეპერსონალიზაციას ახასიათებს საკუთარი თავისგან განცალკევების გრძნობა, თითქოს ვერ აკონტროლებ შენს სხეულს ან ქმედებებს. ამის საპირისპიროდ, დერეალიზაცია გულისხმობს გარემომცველი სამყაროსგან განცალკევების განცდას, რომ თითქოს ის არარეალურია, ან სიზმარს ჰგავს.
გარკვეულ სიტუაციბში, შეიძლება ორივე მათგანი ერთდროულად შეგვხვდეს. ძირითადი განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ დეპერსონალიზაცია ხასიათდება საკუთარი თავის არასწორად აღქმით, ხოლო დერეალიზაცია – გარემოს.
როდის მივმართოთ სპეციალისტს?
თუკი დერეალიზაციის სიმპტომები გაგრძელდა დიდხანს და ის უკვე შემაწუხებელი, ხელისშემშლელია ყოველდღიურობაში, ამ დროს მნიშვნელოვანია მივმართოთ სპეციალისტს. დახმარების ძებნა გადამწყვეტი ნაბიჯია გამოჯანმრთელების გზაზე.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალი, პირველ რიგში, დაგეხმარებათ დიაგნოზის სწორ დასმაში და მკურნალობის გეგმის შედგენაში. პრობლემის სრულფასოვნად დასაძლევად, ხშირ შემთხვევაში საჭიროა, როგორც მედიკამენტური ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება.