ნერვული ანორექსია არის კვებითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ხასიათდება საჭმლის მიღების შეზღუდვით, წონის კლებითა და “ჭარბწონიანობის” ძლიერი შიშით.
ამასთან კრიტიკა საკუთარი მდგომარეობისა და ქცევისადმი გარკვეულად დაქვეითებულია. ცენტრალურ ხაზს წარმოადგენს ზეღირებულოვანი/გადაჭარბებული დამოკიდებულება საკუთარი სხეულის ფორმასა და წონასთან მიმართებაში, ასევე გასუქების შიში და ძლიერი დაუძლეველი სწრაფვა გახდომისაკენ. შედეგად, ადამიანს უყალიბდება სხეულის ფორმის გაუკუღმართებული აღქმა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ობიექტურად მისი წონა ნორმაზე გაცილებით ნაკლებია
ნერვული ანორექსიით დაავადებული ადამიანი მუდმივად და გადაჭარბებულად აკონტროლებს საკუთარ წონას, რის გამოც მიმართავს საკვების შეზღუდვას ან სხვა ღონისძიებებს წონის შესამცირებლად.
სიმპტომები
ფსიქოლოგიური სიმპტომები:
- სხეულის აღქმის დამახინჯება.
- კონცენტრაციისა და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები.
- დეპრესია და შფოთვა.
- წონასთან დაკავშირებული მუდმივი ფიქრები და შიში.
ფიზიკური სიმპტომები:
ნერვული ანორექსია შეიძლება გამოიხატოს მთელი ორგანიზმის მუშაობის დარღვევით:
- წონის უკიდურესი კლება.
- თმის ცვენა და კანის გაუმჭვირვალობა.
- სიცივის მუდმივი შეგრძნება (თერმორეგულაციის დარღვევა).
- მენსტრუალური ციკლის შეჩერება (ამენორეა).
- სისხლის წნევის და გულისცემის შემცირება.
- ძვალ-სახსრების პრობლემები (ოსტეოპოროზი).
ნერვული ანორექსიის მიზეზები
ანორექსიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მისი განვითარება დაკავშირებულია ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების კომბინაციასთან:
- ბიოლოგიური ფაქტორები: გენეტიკური მიდრეკილება; ტვინის ქიმიური პროცესების დარღვევა.
- ფსიქოლოგიური ფაქტორები: პერფექციონიზმი და საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება; დაბალი თვითშეფასება; კონტროლის გრძნობის დაკარგვის შიში, რომელსაც ისინი კომპენსაციას უწევენ კვების კონტროლით.
- სოციალური ფაქტორები: საზოგადოებრივი სტანდარტები სილამაზესთან და წონასთან დაკავშირებით.
ნერვული ანორექსიის მკურნალობა
ნერვული ანორექსიის მკურნალობა ყოველთვის საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:
ფსიქოთერაპია
- კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT):
- ემსახურება დამახინჯებული აზრების შეცვლას წონისა და კვების შესახებ.
- ოჯახური თერაპია:
- განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდებისთვის, რათა ოჯახის წევრებმა უკეთ გაიგონ და მხარი დაუჭირონ მკურნალობის პროცესს.
მედიკამენტური მკურნალობა
სხეულის წონასთან დაკავშირებული აკვიატებული აზრის შემცირება, თანმხლები შფოთვის და გუნება-განწყობის დარღვევის კომპენსირება, ძილის მოწესრიგება.
დიეტოლოგიური მხარდაჭერა
კვების ნორმალიზაცია და ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიღება.
ფიზიკური ჯანმრთელობის მონიტორინგი
ჯანმრთელობის ძირითადი სისტემების (ენდოკრინული, გასტროენტეროლოგიური, კარდიოლოგიური, ძვალ-სახსროვანი სისტემის) მონიტორინგი.