აგორაფობია

თუ სახლში მარტო დარჩენა, სახლისგან მოშორებით, ღია სივრცეში ან ხალხმრავალ ადგილას ყოფნა თქვენში იწვევს შფოთვას და დაძაბულობას, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს არის შიში, რომელსაც ეწოდება აგორაფობია.

აგორაფობია ისეთ ხალხმრავალ ადგილებში ან ღია სივრცეში ყოფნის განსაკუთრებული შიშია, საიდანაც გაქცევა შეიძლება რთული ან სამარცხვინო აღმოჩნდეს. აგორაფობიის მქონე ადამიანი განიცდის შფოთვასა და შიშს შემდეგ სიტუაციებში:

  • სახლიდან მოშორებით ყოფნისას, 
  • მაღაზიაში შესვლისას, 
  • ტრანსპორტით მგზავრობისას,
  •  ხალხმრავალ ადგილას ყოფნისას, 
  • ისეთ სიტუაციაში ყოფნისას, რომლიდანაც თავს მარტივად ვერ დააღწევს.

ასეთ სიტუაციებში თავს იჩენს ფიზიკური სიმპტომებიც, როგორიცაა:

  •  გულისცემის აჩქარება,
  •  კანკალი, 
  • თავბრუსხვევა, 
  • მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, 
  • მოუსვენრობა, 
  • ყლაპვის გაძნელება

აგორაფობიის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია: სტრესი, ტრავმული გამოცდილება ან გენეტიკური წინასწარგანწყობა. 

სიმპტომების თვალსაზრისით, აგორაფობიის მქონე ადამიანს ერთდროულად აწუხებს როგორც ნეგატიური შინაარსის აზრები, ემოციები და გრძნობები, ისე ფიზიკური გამოხატულებებიც. ამ სიმპტომების განცდის გამო,ადამიანს აქვს წინასწარი მოლოდინი რომ, ახალ სიტუაციებში ისევ ცუდად გახდება, რის გამოც თავს არიდებს ხალხმრავალ ან უცხო ადგილებში ყოფნას.

აგორაფობია მნიშვნელოვან ხელისშემშლელ სირთულეებს ქმნის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ მდგომარეობას შეუძლია შეაფერხოს ადამიანის როგორც ფიზიკური, ისე ემოციური კეთილდღეობა. კერძოდ, ეს სირთულეებია:

ადამიანს უჭირს ღია ან ხალხმრავალ ადგილებში (მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში, გასართობ ადგილებში, ტრანსპორტში) ყოფნა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სოციალური იზოლაცია და პრობლემები პირად ურთიერთობებში.

ზოგჯერ ადამიანი ისე შიშობს, რომ არც კი გადის სახლიდან, რადგან ეშინია, რომ ვერ შეძლებს დახმარების მიღებას, თუ ცუდად გახდება.

თუკი ადამიანი ვერ ახერხებს საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნას , შეიძლება შეექმნას სამსახურის შენარჩუნების ან სწავლის გაგრძელების პრობლემა.

 აგორაფობია ხშირად იწვევს სტრესს, დეპრესიას და შფოთვას. შიშისა და გაურკვევლობის მუდმივი განცდა სერიოზულ გავლენას ახდენს ინდივიდის პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე, რის შედეგადაც ადამიანს შეიძლება დაუქვეითდეს ცხოვრების ხარისხი.

 ადამიანმა შეიძლება თავი აარიდოს და შეზღუდოს სოციალური  ურთიერთობების ხარისხი, რადგან ფიქრობს, რომ სხვებთან ყოფნისას ვერ შეძლებს სიტუაციის კონტროლს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება მიმართოს ოჯახის წევრებს ან მეგობრებს იმისათვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ, როდესაც სურს გარეთ გასვლა. ეს იწვევს სხვებზე დამოკიდებულებას და ინდივიდის დამოუკიდებლობის ხარისხის შეზღუდვას.

აგორაფობიის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტოზურად , ისე ფსიქოლოგიური მეთოდებით . მკურნალობის ეფექტურობა იზრდება როდესაც პროცესში ჩართულია, როგორც ფსიქიატრი, ისე ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგიური მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა თერაპიული მეთოდით, როგორიცაა:

  •  ექსპოზიციური თერაპია – ეს მეთოდი მოიცავს “ექსპოზიციას” – ანუ შიშის მომგვრელი  ობიექტის ან სიტუაციის თანდათანობით, კონტროლირებად გარემოში წარმოდგენას შიშის ხარისხის ზრდის პრინციპით, რათა დაიძლიოს შემაშინებელი სტიმული.
  •  კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია – შედეგებზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანებს გაუმკლავდნენ შფოთვას, დეპრესიას, ფობიებს და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს  ცხოვრებაზე პოზიტიური ხედვის ჩამოყალიბების  და რაციონალიზაციის ტექნიკების სწავლების გზით. 
  • მედიკამენტოზური მკურნალობისას ექიმი ადგენს პაციენტის საჭიროებებზე და ჩივილებზე მორგებულ სამკურნალო დანიშნულებას შფოთვისა და შიშის შემცირების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. 
ავტორი: ავთანდილ პაპელიშვილი
რედაქტორი: ელენე გოგოხია, გუგა სიხარულიძე, ელენე ხომერიკი