დეპერსონალიზაცია

გქონიათ განცდა, რომ  საკუთარ თავს უყურებთ სარკის წინ და რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს? განცდა გაქვთ, რომ ვიღაც უცნობს აკვირდებით, რომელიც მოძრაობს და ლაპარაკობს, თუმცა ვერ შეიგრძნობთ ამას როგორ აკეთებს.

გიგრძვნიათ, რომ თქვენი სხეული ბამბასავით მსუბუქია, ან სხეულის რომელიმე ნაწილი ზედმეტად მძიმედ ან მსუბუქად აღგიქვამთ?ამ შემთხვევაში საქმე დეპერსონალიზაციასთან გვაქვს.

დეპერსონალიზაცია არის დისოციაციური სიმპტომი, რომლის დროსაც ინდივიდი გრძნობს განცალკევებას საკუთარ აზრებთან, ემოციებთან ან სხეულთან.

ეს ჰგავს საკუთარი თავის გვერდიდან ყურებას. ამ დროს შეიძლება დაგვეუფლოს განცდა, სადაც ჩვენი ქმედებები და გრძნობები უცხოდ აღიქმება.

  • საკუთარი სხეულისგან განცალკევების განცდა –  თქვენს სხეულს აკვირდებით გარედან, თითქოს საკუთარი ცხოვრების მაყურებელი ხართ.
  • საკუთარი თავის არასწორი აღქმა – ვერ სცნობთ საკუთარ ანარეკლს, გრძნობთ, რომ თქვენი სხეულის ნაწილები არარეალურია, ან თითქოს კავშირი გაქვთ დაკარგული საკუთარ იდენტობასთან.
  • ემოციების არასწორი აღქმა –  აღქმა მაქვს, რომ ჩემი ემოციები არის განსაკუთრებით გაძლიერებული, ან სულაც გამქრალი. განცდა იმის, რომ ეს ემოციები მე არ მეკუთვნის. 
  • დროის არასწორი აღქმა –   შეგრძნება, რომ დრო ძალიან სწრაფად/ძალიან ნელა გადის ან განცდა, რომ გარკვეული მოვლენები წარსულში უკვე მოხდა.
  • ფიზიკური შეგრძნების არასწორი აღქმა –  განცდა იმისა, რომ თქვენი სხეული არარეალურია. ასევე შესაძლოა თქვენი სხეულის გარკვეულ ნაწილებს განიცდიდეთ უცხოდ, ან არასწორად აღიქვათ. მაგ : სხეულის რომელიმე ორგანო ზედმეტად მძიმეა ან მსუბუქია,  დიდი ან პატარაა. 

დეპერსონალიზაცია როგორც ფენომენი,  შეიძლება არსებობდეს როგორც ცალკეული დაავადების სახით, ასევე წარმოდგენილი იყოს, როგორც სინდრომი სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების შემადგენლობაში.

დეპერსონალიზაცია ხშირად იჩენს თავს, როგორც გადაჭარბებული სტრესის/ტრავმის შედეგად აღმოცენებული მდგომარეობა.

ის შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფსიქიკური პრობელმების დროს, როგორებიცაა: ძილის ნაკლებობა, შფოთვითი აშლილობა და პანიკური აშლილობა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/დამოკიდებულება.

დეპერსონალიზაცია შეიძლება იყოს დროებითი, გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. თუმცა, გარკვეულ სიტუაციებში, ის შეიძლება გაგრძელდეს დღეების, კვირების  განმავლობაში ან კიდევ უფრო მეტხანს.

დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია ხშირად ერთად განიხილება, რადგან ორივე მიეკუთვნება დისოციაციური აშლილობების კატეგორიას. მიუხედავად ამისა, ისინი განსხვავდებიან. 

დეპერსონალიზაციას ახასიათებს საკუთარი თავისგან განცალკევების გრძნობა, თითქოს ვერ აკონტროლებ შენს სხეულს ან ქმედებებს.

ამის საპირისპიროდ, დერეალიზაცია გულისხმობს გარემომცველი სამყაროსგან განცალკევების განცდას, რომ თითქოს ის არარეალურია, ან სიზმარს ჰგავს. 

გარკვეულ სიტუაციბში, შეიძლება ორივე მათგანი ერთდროულად შეგვხვდეს.

ძირითადი განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ დეპერსონალიზაცია ხასიათდება საკუთარი თავის არასწორად აღქმით, ხოლო დერეალიზაცია – გარემოს.

თუკი ხშირად განიცდით დეპერსონალიზაციის ეპიზოდებს, ან ეს ეპიზოდები დროში გახანგრძლივებული და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელისშემშლელია, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს. 

დახმარების ძებნა გადამწყვეტი ნაბიჯია გამოჯანმრთელების გზაზე.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალი, პირველ რიგში, დაგეხმარებათ სწორ დიაგნოსტირებაში და მკურნალობის გეგმის შედგენაში.

პრობლემის სრულფასოვნად დასაძლევად, ხშირ შემთხვევაში საჭიროა, როგორც მედიკამენტური ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება.

ავტორი: მარიამ შერეშაშვილი
რედაქტორი: გუგა სიხარულიძე, ელენე გოგოხია, ელენე ხომერიკი